გიორგი ქობულია

ქობულია თანამდებობიდან გადაყენებაზე: ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი

world economic forum

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია რუსთავი 2-თან ამბობს, რომ მასთან თანამდებობიდან წასვლის შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა.

საუბარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ "შეიძლება რომელიმე მინისტრთან იყოს კითხვები", მოგვიანებით კი ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციების შესახებ.

ქობულიას არ აქვს ინფორმაცია ივანიშვილი ამ განცხადებაში მოიაზრებდა თუ არა მას.

"ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით თუ მან თქვა... ჩემთან არ გადის კონსულტაციებს, ჩემთან ამაზე კონსულტაციებს არ გადიან", - უთხრა რუსთავი 2-ს ქობულიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ ჰქონია.

9 აპრილს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვიმა ტელეკომპანია იმედში თქვა:

"ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორი შერჩეულია და კარგი შერჩეულია და ეფექტურია, იქ შეიძლება რომელიმე სამინისტროზე, მინისტრზე იყოს პატარა კითხვები და პრემიერი ძალიან ცდილობს".

მოგვიანებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

კომენტარები