დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის

ბერი გაბრიელის თქმით, მას სასულიერო პირებმა სცემეს, მიტროპოლიტის თქმით, ის წაიქცა

ბერი გაბრიელი ამბობს, რომ რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებმა სცემეს. 

ტელეკომპანია იმედის ცნობით ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. სტატუსი ახლა წაშლილია, ბერი გაბრიელის თქმით, ეს ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ გააკეთა. 

სიუჟეტის მიხედვით, ბერი 26 მარტს ფეისბუქზე წერდა: 

"სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60 სასულიერო პირი იყო, შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ. ვინ მირტყამდა, მათ სახეებს ვერ ვხედავდი, რადგან კუნკულ-ბარტყული მქონდა ჩამოფარებული. ასეთი რამ ტელევიზორშიც არ მინახავს, ამხელა ზიზღი. ტანსაცმელიც თავისი ხელით ჩამილაგეს, ახლა 4 დღეა, თბილისში ვარ". 

დაპირისპირება რუსთავის ეპარქიაში, პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტერში მოხდა. 

იმედი ერთ-ერთ სასულიერო პირისა და ჟურნალისტის საუბრის ფარულ ჩანაწერსაც აქვეყნებს. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ დაპირისპირება წირვა-ლოცვის ფეისბუქ-ლაივით არაერთხელ გაშვების გამო დაიწყო. 

"ჩემი წირვებიც გადაღებული აქვს და ხალხს ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში კურთხევის გარეშე ასმენინებდა.

შეიძლება ერის ადამიანს ვერ მოსთხოვო, მაგრამ ბერისგან მორჩილება უპირველესია", - ამბობს ტვ იმედთან ერთ-ერთი ბერი. 

რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე არხთან საუბრისას ყვება, რომ ფეისბუქზე ლოცვის ვიდეოების შესახებ ბერ გაბრიელს ესაუბრა. 

"მე ვუთხარი: შენ გიჩნდება წარმოდგენა, რომ მთელი მსოფლიოსთვის მლოცველი ხარ. რომელი მსოფლიოსთვის მლოცველი ხარ, ერთი მეტრით ჰაერში იწევი ლოცვის დროს თუ რა. შენი თავისთვის ვერ მოგივლია მეთქი და მოდი ჯერ შენს თავს მიხედე. აი ეს იყო ჩვენი საუბარი. კარგიო, მე ავიღებ ამ პოსტებსო

ამის მერე დაწერა ის სტატუსი". 

სტატუსი, რომელზეც მეუფე იოანე საუბრობს, ბერმა გაბრიელმა 23 მარტს გამოაქვეყნა. მისი თქმით, მას გული სტკივა, რომ მეუფე იოანემ პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა. 

სტილი დაცულია: 

"არავის განსაკითხავათ არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს..რომ უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, რომ ახსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან..რომ სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა..და ბევრი სხვა რამ..არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების..სჭირდებათ...მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი, და ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარ ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს". 

იმედი ამბობს, რომ სწორედ ამ სტატუსის შემდეგ დაიბარეს მეორედ ბერი გაბრიელი რუსთავის ეპარქიაში, 26 მარტს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. შეხვედრას ეპარქიის არაერთი სასულიერო პირი ესწრებოდა. 

ბერი გაბრიელი იმედთან ამბობს, რომ ამ დღეს მღვდლებმა სცემეს და ზურგის არეში დაზიანებები მიიღო.

მიტროპოლიტ იოანეს თქმით: 

"კარებს ფეხით აღებს. ჰო, მოვედი ახლა, თქვენ რა გინდათ ჩემგან. მე ვუთხარი, ჯერ როგორ შემოხვედი მეთქი. მე არ მცალია, წინამძღვარს ხო არ ცნობს და თქვენც არ გცნობთო. მე ვუთხარი, კარგი ბატონო, არ მცნობ, არ მცნობ, ჰოდა თავისუფალი ხარ, თუ არ სცნობ არავის. 

იყო აგდებული დამოკიდებულება, მაგრამ არ მოეკითხება ადამიანს, უგონოდ მთვრალია, ქანაობს რა, თვალები ამღვრეული აქვს. დაიწყო გაწევა და ჭიდაობა და ჩავდექი შუაში, რომ იქ ვიღაცა ხელით არ შეეხოს. იქ რაღაცა საფეხურივით არის და უკან რო მიდიოდა, გაკრა ფეხი, დაკარგა წონასწორობა და წაიქცა. წამოაყენეს და მას აქვს შთაბეჭდილება, რომ დაარტყეს. ვინ დამარტყა მეო". 

ბერი გაბრიელი ტვ იმედთან ამბობს, რომ შეხვედრაზე მთვრალი არ ყოფილა მას მხოლოდ რამდენიმე ჭიქა კონიაკი ჰქონდა დალეული. 

კიდევ ერთი სასულიერო პირის თქმით, შეხვედრაზე "იყო მომენტი, წადი, გაიწიე, ზედმეტი მოგდის, ცემა და ტყეპა არ ყოფილა". 

კომენტარები