ბუნებრივი აირის გაჟონვა

პოლიციაში ყაზტრანსგაზის თანამშრომლების და მოსახლეობის ნაწილის გამოკითხვა მიმდინარეობს

დიღმის პოლიციაში ყაზტრანსგაზის თანამშრომლების, ასევე იმ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა. 

უცნობია, იმყოფება თუ არა პოლიციაში ბინის მეპატრონე. 

აფეთქება დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

ყაზტრანსგაზ თბილისი ამბობს, რომ მათი თანამშრომლები კორპუსში შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდნენ, მაგრამ ამ დროს აფეთქება უკვე მომხდარი იყო.

აფეთქება, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია 8 ადამიანი. ყაზტრანსგაზ-თბილისი აცხადებს, რომ დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

მოსახლეობის ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

"წინა კორპუსში ვცხოვრობთ. საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების  შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და ყაზტრანსგაზის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო.

როგორც ამბობს მოსახლეობა, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია მცხოვრებს ბინა და იქ უკვე შესახლებულები იყვნენ ადამიანები. მეოთხე სართულიდან გამოსულა ადამიანი, მოუკიდებია სიგარტისთვის და აფეთქდა. თვითონ გადმოვარდა და დაეცა მანქანას. ალბათ, ამის შედეგად გადარჩა", - თქვა დიღმის მასივში მცხოვრებმა. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=84&v=Us-4ueUY4f8]

კომპანიამ ასევე გაავრცელა შესული ზარების ქრონოლოგია და თქვა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს ((ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დიღმის მასივში დღეს ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ მოხდა გაზის აფეთქება. ადგილზე მოხდა იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს", - თქვა მედიასთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ. 

კომენტარები