აშშ

თავზე კოცნა, ცხვირზე ცხვირის შეხება - ჯო ბაიდენს 2 ქალი "არასასურველ" შეხებაში ადანაშაულებს

ABC

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს მეორე ქალი ადანაშაულებს "არასასურველ შეხებაში".

ქალმა, სახელწოდებით ემი ლაპოუსმა გაზეთ Hartford Courant-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბაიდენმა 2009 წელს კონექტიკუტში გამართული ფანდრაიზინგის დროს მას თავზე მოკიდა ხელი, რათა ცხვირზე ცხვირით შეხებოდა. მაშინ ბაიდენი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 

"ეს სექსუალური ხასიათის ქცევა არ იყო, მაგრამ მან თავზე ხელი ჩამავლო, კისერზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა, რომ ცხვირზე ცხვირით შემხებოდა. როდესაც ის თავისკენ მიზიდავდა, მეგონა, რომ ტუჩებში კოცნას მიპირებდა,"- ყვება ემი ლაპოუსი. 

ლაპოუსი ამ ინტერვიუთი ნევადელ დემოკრატ პოლიტიკოსს, ლუსი ფლორსს, გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბაიდენი მას "არასასურველად" შეეხო. ფლორსმა ამის შესახებ 29 მარტს ისაუბრა და თქვა, რომ 2014 წელს მას ბაიდენმა თავზე აკოცა. ფლორსი ამბობს, რომ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ამ ჟესტით მას თავი "საზიზღრად და დაბნეულად" აგრძნობინა. 

ბაიდენის წინააღმდეგ ეს ბრალდებები იმ ფონზე გაჟღერდა, რომ მან, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის სახელით იყაროს კენჭი. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით აპრილში გახდება ცნობილი. 

CNN-ი ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბრალდებები მას არ შეაჩერებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან, თუმცა წყაროსვე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ვიცეპრეზიდენტს ჯერჯერობით არ მიუღია. 

ლაპუსის ბრალდებებს ბაიდენი განცხადებით გამოეხმაურა. 

"ჩემი კამპანიისა და საჯარო ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში მე უთვალავი ადამიანისთვის ჩამომირთმევია ხელი, ჩავხუტებივარ მას, გამომიხატავს კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და კომფორტი და მჯერა, რომ არცერთხელ - არასდროს - შეუსაბამოდ არ მოვქცეულვარ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ასე მოვიქეცი, მას პატივისცემით მოვუსმენ, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა,"- წერია ბაიდენის განცხადებაში. 

ლაპუსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან ხმის ამოღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაიდენის პასუხმა ფლორსის ბრალდებაზე მასში იმედგაცრუება გამოიწვია. 

"ასეთი ქცევისთვის "უბრალო კეთილგანწყობის" ან "ბაბუისებრი" ან "მეგობრული" ჟესტის დარქმევა მისი მხრიდან ამ ფაქტის სასაცილოდ უგულებელყოფის მცდელობაა. იმის თქმა, რომ "კი, მაგრამ ტრამპი..." საშიშია და დემოკრატი კაცების მარჟას იმაზე დაბლა წევს, ვიდრე საჭიროა,"- თქვა ლაპოსმა. 

ქალი ასევე თვლის, რომ ყველა დემოკრატი კაცი, რომელსაც ერთხელ მაინც უცდია დემოკრატიული პარტიის სახელით ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, გვერდით უნდა გადგეს და გზა ქალ კანდიდატებს უნდა დაუთმოს. 

"თუკი ბაიდენი ნამდვილად მხარს უჭერს ქალებს და გენდერულ თანასწორობას, ის გვერდით უნდა გადგეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს რომელიმე იმ ნიჭიერ და მაღალკვალიფიციურ ქალს, რომელიც კენჭს იყრის. ეს ეხება სხვა დემოკრატ კაცებსაც. ქალები მოსახლეობის 52%-ს შეადგენენ. ჩვენ არ ვართ უმცირესობა, ჩვენ უმრავლესობა ვართ. დროა, რომ ამდენივეთი ვიყოთ წარმოდგენილები. 45 კაცი პრეზიდენტის შემდეგ, დროა, რომ ქალები ავირჩიოთ,"- განაცხადა ლაპოუსმა. 

მას შემდეგ, რაც ფლორსმა საჯარო განცხადება გააკეთა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის პოტენციურმა ოპონენტებმა ქალის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. 

"ვფიქრობ, რასაც ეს ქალი ამბობს, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის კულტურის ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალები უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ,"- თქვა ბერნი სანდერსმა CBS-თან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ ბერნი სანდერსმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად კი მის ადმინისტრაციაში მომუშავე ქალები გამოვიდნენ. ერთერთმა მათგანმა, კენდრა ბარკოფ ლემიმ, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა:

"როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა და ქალთა საკითხებზე მომუშავემ, ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ მე არასდროს მიგრძვნია თავი არაკომფორტულად იმით, თუ როგორ მექცეოდა ის მე ან სხვა ქალებს. ჯო ბაიდენმა თავისი კარიერა ქალების გაძლიერებას, მათ უსაფრთხოებასა და თანასწორობას მიუძღვნა. ეს ერთერთი მიზეზია, რის გამოც მასთან ვმუშაობდი". 

ბაიდენის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა ასევე მეგან მაკკეინმა, რომელიც ტელეარხ ABC-ზე გადაცემა The View-ის თანაწამყვანი და ამასთან გარდაცვლილი არიზონელი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, შვილია, რომელიც ძალიან ახლოს იყო ბაიდენთან. 

"ჯო ბაიდენი ამერიკულ პოლიტიკაში ერთერთი ყველაზე ღირსეული და თანაგრძნობით სავსე კაცია. ის მეხმარებოდა მაშინ, როდესაც მამაჩემის დიაგნოზის შესახებ გავიგეთ, მეხმარებოდა მისი მკურნალობისა და მისი გარდაცვალების დროს იმაზე მეტად, ვიდრე მამაჩემის ყველა მეგობარი ერთად. ვისურვებდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან მეტი ემპათია იყოს და არა - ნაკლები,"- თქვა მეგან მაკკეინმა.

კომენტარები