ორშაბათს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ძლიერმოქმედ ოპიოიდს, ფენტანილს და მის ყველა სახესხვაობას კონტროლირებადი ნივთიერებების ჯგუფში შეიტანს. ფენტანილის კლასიფიკაცის შეცვლას ჩინეთის პრეზიდენტი გასულ წელს ბუენოს-აირესში, დიდი ოცეულის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ დათანხმდა.
უკიდურესად მავნე სინთეზური ოპიოიდი, ფენტანილი, 50-100 ჯერ უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე მორფინი. ნარკოტიკი, რომელიც უმეტესად ჩინეთიდან ექსპორტირდება, აშშ-ში ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის ათასობით შემთხვევაზეა პასუხისმგებელი.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანახმად 2014 წელს ფენტანილის ზედოზირებისგან 5 5000 ადამიანი გარდაიცვალა. 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეს 80%-იანი ზრდაა. შარშან აშშ-ში ფენტანილისგან 29 000 ადამიანი გარდაიცვალა.
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად 2018 წლის მაისში საქართველოში ფენტანილის ზედოზირებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ფენტანილის 20-მდე სახესხვაობა და მათ პრეკურსორები ჩინეთს უკვე კონტროლირებად ნივთიერებათა სიაში აქვს შეყვანილი, მათი წარმოება და გავრცელება მკაცრად რეგულირდება, თუმცა აქამდე ჩინეთი თითოეულ ვარიანტს ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილავდა და შემდეგ კრძალავდა, რასაც დიდი დრო სჭირდება. პირველი მაისიდან ჩინეთში აკრძალული იქნება ყველა "ფენტანილთან დაკავშირებული" ნივთიერება.