აუდიტის დასკვნა

აუდიტის დასკვნა: საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება

აუდიტის სამსახური

ოჯახში ძალადობისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტიანობის დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრატიკას და ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობის სიმცირე და უფლება-მოვალეობების სიმრავლე უარყოფითად აისახება სოციალური მუშაკების დასკვნების ხარისხზე და ქმნის რისკს, რომ მათი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები პრაქტიკაში ჯეროვნად არ შესრულდეს.

"აღნიშნულს ემატება უფლება-მოვალეობების სიმრავლე. სოციალური მუშაკები მუშაობენ, დაახლოებით, 32 მიმართულებით (სოციალურად დაუცველი ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები, შვილად აყვანის პროცედურები, მინდობით აღსაზრდელები, მეურვეობა/მზრუნველობა და სხვა მხარდაჭერის ღონისძიებები). სოციალური მუშაკების საქმიანობიდან მაღალია დატვირთვა საპროცესო წარმომადგენლობის102 განხორციელებაზე − 22%, ხოლო ძალადობის შემთხვევებზე მოდის საქმეების − 5%." - წერია დასკვნაში.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის მიხედვით სოციალური მუშაკები თვეში 20 საქმის წარმოებაზე უნდა მუშაობდნენ, რეალურად კი საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე საშუალოდ თვეში 120 საქმე მოდის, რაც 6-ჯერ აღემატება რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას და ართულებს სოციალური მუშაკის მიერ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას.

მუშაობის პირობებს აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე აპროტესტებდნენ თავად სოციალური მუშაკები. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავდნენ. კერძოდ:

  • გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა;
  • გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა;
  • თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით;
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.
  •  

კომენტარები