ტყის მცველის დაკავება

გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო, ტყის ყოფილი მცველი დააკავეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო ტყის ყოფილი მცველი დააკავა. გამოძიება მას სამსახურებრივ გულგრილობასა და სიყალბის ჩადენას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილ ტყის მცველს, გ.ქ.-ს ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რასაც ის გულგრილად მოეკიდა და ამ ეტაპზე დაუდგენელი პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა.

"მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვით, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი," - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები