ახალი პოლიტიკური ბლოკი

გოგუაძე ახალ ბლოკზე: 2 დაპირისპირებული ბანაკის წევრები ვიყავით, თუმცა საერთო მიზანი გვაქვს

ტაბულა

"ჩვენ ორი დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენლები ვიყავით არცთუ ისე შორეულ წარსულში, მაგრამ აუცილებელია, რომ ვიყუროთ წინ" - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე ევროპულ საქართველოსთან პოლიტიკური ბლოკის შექმნას. 

გოგუაძემ ამის შესახებ ტვ პირველის ღამის ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილთან და ვახო სანაიასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

გოგუაძე ამბობს, რომ თავისუფალ დემოკრატებსა და ევროპულ საქართველოს საერთო მიზანი აქვთ და ეს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა წინ იყურონ. 

"ის მოცემულობა, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი, ჩემი აზრით, არის სრულიად გაუსაძლისი. ადამიანები არიან დაყოფილები მტრულ ბანაკებად. ეს ჩვენი საერთო ქვეყანა გადაქცეულია დაპირისპირების ასპარეზად, შურისძიების ასპარეზად და სიძულვილი მძვინვარებს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ეს თუ არ გავარღვიეთ და თუ არ ვიპოვეთ გზა ერთმანეთთან მისასვლელად, მაშინ ამ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. ეს სიძულვილი ანგრევს სახელმწიფოს, ანგრევს საზოგადოებას და ანგრევს ინდივიდს. ამიტომ, დიახ, ჩვენ სრულიად შეგნებულად გადავდგით ეს ნაბიჯი ერთი ამ კონიუქტურის ასაჭრელად და მეორე იმისთვის, რომ ევროპულ საქართველოსთან ვნახეთ ძალიან ღირებულებითი თანხვედრა,"- ამბობს ნინო გოგუაძე. 

თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ასევე განმარტავს, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოს აშენება სურს ახალშექმნილ პოლიტიკურ ბლოკს. 

"როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ეს არის ინსტიტუტების მმართველობა და არა - ერთი პიროვნების მმართველობა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმფციის და კანონის გარდუვალობის პრინციპები. ეს არის სიტყვის თავისუფლება, ეს არის ადამიანი - მთავარი ღირებულება და არ უნდა მოხდეს ადამიანების დაყოფა, დაპირისპირება არანაირი ნიშნით. სწორედ ასეთ ღირებულებებზე ლაპარაკით, აი, ამ საერთო შეხების წერტილების პოვნით, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და ვიხედებით წინ,"- ამბობს გოგუაძე. 

20 მარტს ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე დაასახელეს.

კომენტარები