ბურუნდი

ბურუნდიში 3 მოსწავლე გოგონა სასკოლო წიგნში პრეზიდენტის პორტრეტის მოხატვის გამო დააკავეს

Twitter

ბურუნდიში სკოლის მოსწავლე სამი გოგონა დააკავეს. მიზეზი სასკოლო წიგნში პრეზიდენტ პიერ ნკურუნზიზას პორტრეტზე დახატვაა.

ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch ავრცელებს.

სამივე გოგონა არასრულწლოვანია. ისინი გასულ ორშაბათს "ქვეყნის მეთაურის შეურაცხყოფის" ბრალდებით დააკავეს და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი გაათავისუფლეს, რადგან 13 წლისაა და ასაკის გამო ვერ გაასამართლებენ.

ბურუნდის სკოლებში წიგნებს ხშირად რამდენიმე მოსწავლე ერთად იყენებს, ამიტომ უცნობია კონკრეტულად ვინ დახატა პრეზიდენტის პორტრეტზე. უფლებათა დამცველების თქმით მსგავსი ბრალდებით მოსწავლეების დაკავება სისულელეა, თუმცა მსგავსი ბრალდებით მოსწავლეები წარსულშიც დაუკავებიათ.

2016 წელს 8 მოსწავლე დააკავეს, რადგან მათ სკოლის წიგნში ნკურუნზიზას პორტრეტზე დააწერეს "წადი" და "არავითარი მესამე ვადა". ისინი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ამავე წელს მსგავსი ბრალდების გამო სკოლებიდან ასობით მოსწავლე გარიცხეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამჟამადაც აპირებენ ბურუნდის მთავრობაზე ზეწოლას, სანამ დაკავებულ მოსწავლეებს არ გაათავისუფლებენ.

პიერ ნკურუნზიზა ბურუნდის პრეზიდენტის პოსტს 2005 წლიდან იკავებს. ის მესამე ვადით 2015 წელს აირჩიეს, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. უფლებადამცველები მის მთავრობას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ერთი კვირის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა თქვა, რომ ბურუნდის მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო ოფისის, რომელიც ქვეყანაში 23 წელის მოქმედებს, დახურვა უწევთ.

კომენტარები