სამხედრო სავალდებულო სამსახური

საპატრიარქო: ჯარიდან გათავისუფლება ფსევდორელიგიურმა ორგანიზაციებმა არ უნდა გამოიყენონ

Sergey Pyatakov / RIA Novosti

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ". ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ "უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა ფსევდორელიგიურმა იურიდიულმა პირებმა თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის არ გამოიყენონ, რაც რელიგიურობით მანიპულაცია და აშკარა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა".

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს "გირჩი" და ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. 

ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს 19 მარტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა საკითხის დროებით გადადება ითხოვა. ის გეგმავს, კომიტეტზე განხილვამდე კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს.

კომენტარები