სამხედრო სავალდებულო სამსახური

ქართველ მუსლიმთა კავშირი: სესიაშვილის ინიციატივა სამხედრო სამსახურზე დისკრიმინაციულია

ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია. 

სესიაშვილის ინიციატივა მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ თუ ეს კანონპროექტი გავა, ქვეყანაში სეკულარიზმის პრობლემა დადგება. 

"ეს კანონპროექტი, რომელიც დღეს, სავარაუდოდ, დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება, რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში იყოს. არ შეიძლება ეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიული, სეკულარული. მე ვფიქრობ, სეკულარიზმისა და დემოკრატიის პრობლემა დადგება, თუ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ამას კანონად გაიტანს,"- ამბობს ტარიელ ნაკაიძე "კვირის" პრესკლუბში. 

ნაკაიძისვე თქმით, მუსლიმი თემისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა პრობლემას არ წარმოადგენს და მთავარი პრობლემა დამოკიდებულებაშია. 

"მუსლიმ თემს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უჭირს და ამისგან არასდროს გაქცეულა, თუმცა მთავარი საკითხი ის არის, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, დავიცვათ ამ ქვეყნის დემოკრატია, ამ ქვეყნის სეკულარიზმი, ამ ქვეყნის თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა,"- ამბობს ნაკაიძე. 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, დღეს რელიგიათა საბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია კონსულტაციებს გამართავს და მოგვიანებით ერთიან, შეჯერებულ პოზიციას გამოაქვეყნებენ. 

"ვცდილობთ, რომ არ დარეგისტრირდეს ეს კანონპროექტი, ამგვარად, ასეთი ფორმით და ასევე თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას,"- ამბობს ნაკაიძე. 

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს "გირჩი" და ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. 

ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა

კომენტარები