თაღლითობა

შვილების თაღლითურად ჩარიცხვა უნივერსიტეტებში - რა ედება ბრალად ფელისიტ ჰოფმენს და 49 ადამიანს

ფელისიტი ჰოფმენი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 50-მდე გავლენიან ადამიანს, მათ შორის Desperate Housewives- ის მსახიობ ფელისიტი ჰოფმენს, ბრალი პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად მონაცემების გაყალბების მულტი-მილიონიან სქემაში მონაწილეობისთვის წაუყენეს.

სქემა იმგვარად მუშაობდა, რომ მდიდარი მშობლების შვილებს წამყვან უნივერსიტეტებში მიღების მკაცრი სტანდარტისთვის გვერდის ავლა შეძლებოდათ და სასურველ ფაკულტეტებზე თაღლითურად ჩარიცხულიყვნენ. ოჯახები ასობით ათას დოლარს ხარჯავდნენ და ქირაობდნენ "კონსულტანტს", რომ მათი შვილები უნივერსიტეტებში გაყალბებული მონაცემებით მიეღოთ. ამისთვის, ყალბდებოდა ტესტის შედეგები და ბიოგრაფიული მონაცემები, ასევე წარადგენდნენ დადგმულ ფოტოებს, რომლის მიზანიც იყო სტუდენტები ათლეტებად გაესაღებინათ. იხდიდნენ ქრთამსაც. ამ უნივერსიტეტებს შორისაა იელის, ჯორჯთაუნის, სტენფორდის, USC და სხვა წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სქემა ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლები ფულს უხდიდნენ ორგანიზაციას, რათა მათ ტესტების შედეგები გაეყალბებინათ ან მათი შვილებისთვის გაესწორებინათ არასწორი პასუხები. მეორე ნაწილში კი ეს ორგანიზაციები ფულს უხდიდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (სპორტულ მწვრთნელებს), რომ ახალგაზრდები რეკრუტირებულ ათლეტებად წარმოეჩინათ, მიუხედავად მათი უნარებისა.

ბრალდებულ 50 ადამიანს შორის არიან SAT/ACT-ის ტესტების ორი ადმინისტრატორი, გამოცდების ერთი დამკვირვებელი, ელიტური უნივერსიტეტების ცხრა მწვრთნელი, კოლეჯის ერთი ადმინისტრატორი და 33 მშობელი.

"ჩვენ ვსაუბრობთ თაღლითობასა და გაყალბებაზე - ტესტების ყალბი შედეგები, ყალბი დიპლომები, ყალბი ფოტოები და უნივერსიტეტის მოქრთამული წარმომადგენლები," - თქვა მასაჩუსეტსის პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა.

პროკურორის თქმით, ისინი ფულს ურიცხავდნენ უილიამ რიკ სინგერის ორგანიზაციებს, რომლებსაც ფულის ჩარიცხვის შემდეგ ტესტების პასუხები უნდა გაეყალბებინათ.უილიამ რიკ სინგერმა საერთო ჯამში დაახლოებით 25 000 000 დოლარი მიიღო სქემაში ჩართული მშობლებისგან.

მსახიობ ფელისიტი ჰოფმენს ბრალად ედება უილიამ რიკ სინგერის ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის 15 000 დოლარის გადახდა, რათა მისი ქალიშვილისთვის SAT-ის გამოცდების შედეგები გაეყალბებინათ. ის დაკავებულია და გირაოს სახით 250 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ წინასწარი პატიმრობიდან.

მასაჩუსტესტის სასამართლოს პროკურორის თქმით, სქემა 2011 წლიდან 2019 წლამდე მოქმედებდა და სხვადასხვა ინფორმაციის გაყალბებაში მშობლები 150 000 დოლარიდან 6 500 000 დოლარამდე იხდიდნენ.

კომენტარები