
მოსკოვში 15 000-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში გავიდა, რათა ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტი გაეპროტესტებინა.
კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დუმაში განიხილება, რუსეთის ხელისუფლებას ქსელის რუსული სეგმენტის კონტროლირების უფლებას აძლევს.
აქციის დაწყებამდე რუსმა სამართალდამცავებმა 15 ადამიანი დააკავეს.
მოსკოვის გარდა პარალელური აქცია ჩატარდა სანკტ-პეტერბურგშიც, სადაც რუსული ლიბერტარიანული პარტიის აქტივისტებმა ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს "როსკომნადზორის" კარი აჭედეს, პოსტერები გააკრეს და წითელი კვამლი გაუშვეს.
12 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით "სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.
კანონპროექტის ერთერთმა ავტორმა, ლიუდმილა ბოკოვამ, თქვა, რომ კანონპროექტი დამატებით რესურსებს არ მოითხოვს, რადგანაც ეს ხარჯები უკვე გაწერილია დამტკიცებულ 2021 წლის ბიუჯეტში. კონკრეტულ თანხას რუსი დეპუტატი არ ასახელებს.
კანონპროექტი დუმაში სენატორებმა, ანდრეი კლიშასმა და ლიუდმილა ბოკოვამ, შეიტანეს. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს.
Интерфакс-ის წყაროს ცნობით, ბიუჯეტში მომავალ 3 წელში 1.8 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული ამ კანონის შესასრულებლად. თავად კლიშასი ამბობდა, რომ ამ ინიციატივის შესასრულებლად 20 მილიარდი რუბლია საჭირო.
კლიშასი თავდაპირველი კანონპროექტი ბიუჯეტურ რესურსს არ ითვალისწინებდა.




