ოთარ კახიძე

კახიძე კრიმინალზე: ამ საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯებია საჭირო

პარლამენტი

პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ოთარ კახიძე ამბობს, რომ გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა განისაზღვროს.

"ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ქურდობის, ძარცვის და ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის გარდა, ფიქსირდება ყველაზე საშიში, ორგანიზებული ყაჩაღობის ზრდა. მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას", - ამბობს კახიძე.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.

"საზოგადოება უკვე მიეჩვია საინფორმაციო გამოშვებებში მძიმე კრიმინალური ქრონიკის მოსმენას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება. ეს არის ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. საფრთხეს უქმნის ჩვენს შვილებს, ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და მიმართული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან ამის მზაობას", - ამბობს დეპუტატი.

კომენტარები