აშშ

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს 47-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლ მანაფორტი
AFP

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს თაღლითობისათვის და გადასახადებისაგან თავის არიდებისათვის 47-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 24 მილიონი აშშ დოლარიც უნდა გადაიხადოს.

გასულ წელს მანაფორტი უკრაინაში პოლიტიკური კონსულტაციებიდან შემოსული მილიონობით დოლარის დამალვაში ცნეს დამნაშავედ.

არალეგალური ლობისტური საქმიანობის გამო მანაფორტს კიდევ ერთი სასამართლო ერთი კვირის შემდეგ ელის. ეს საქმე დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთთან შორის გარიგების არსებობის საკითხს ეხება, რომელსაც სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი იძიებს.

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები. როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა.

დონალდ ტრამპმა მანაფორტისათვის ბრალის დამტკიცებას "კუდიანებზე ბრძოლის" ნაწილი უწოდა.

კომენტარები