პროკურორი: ქადაგიძემ გამოძიებას არ მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პირველი

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას "ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია" ვერ მიაწოდა. მისი თქმით, ქადაგიძემ შეკითხვებს "პასუხები ვერ გასცა".

"როგორც მან განაცხადა, არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს და არც შემოწმების შედეგი. შესაბამისად, მან გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვინაიდან, ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს, თუმცა თქვა, რომ ბუნდოვანი არაფერი არ არის.

გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, ამ პერიოდში სააგენტოს ჩატარებული აქვს TBC ბანკის შემოწმება. გვქონდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შედეგთან დაკავშირებით. ქადაგიძე ამბობს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგი. ვინაიდან გიორგი ქადაგიძეს არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები, გამოძიებას მან არ მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია" - ამბობს ტყეშელაშვილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მისი თქმით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა ორ საკითხს - რა ფუნქციები ჰქონდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს და ახსოვდა თუ არა მას TBC ბანკის 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ 2008 წელს, ომის შემდეგ, ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი მიზანი ფინანსური სექტორის გადარჩენა იყო.

"მე ამაყი ვარ იმით, რომ იმ პერიოდში მომიწია ხელმძღვანელობა. ჩვენ მოვახერხეთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ისე, რომ მეანაბრეების არც ერთი თეთრი არ დაკარგულა" - თქვა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციითვე, 2008 წლის 2 სექტემბერს TBC ბანკის შემოწმების აქტი არ ეხებოდა იმ კონკრეტულ ტრანზაქციას, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

"ეს აქტი არის აქტივების ხარისხის შეფასება.... ამ კონკრეტულ აქტში განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე" - ამბობს ქადაგიძე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

კითხვაზე, ფორსმაჟორიდან გამომდინარე, 2008 წლის 2 სექტემბერს ხომ არ გამოეპარათ ზედამხედველებს ის კონკრეტული ტრანზაქცია, რომელზე გამოძიებაც 2019 წელს დაიწყო, ქადაგიძე პასუხობს - "გამოვრიცხავ, რომ ზედამხედველებს თავისი მანდატის ქვეშ რამე გამოპარვოდათ, გამოეჩინათ გულგრილობა ან რაიმე ფორმით არ გაეტარებინათ ის სადამსჯელო ღონისძიებები, რაც კანონით იყო გათვალისწინებული".

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი TBC ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურამ 6 მარტს დაიბარა. ქადაგიძემ უარი თქვა პროკურატურაში  მისვლაზე და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ საჯაროდ, მოსამართლის წინაშე მისცემდა. ამის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც TBC ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ.

პარტია ევროპულმა საქართველომ TBC ბანკის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები