პროკურორი: ქადაგიძის სამსახურმა TBC შეამოწმა, კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით გვაქვს

პირველი

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ TBC ბანკი 2008 წელს, იმ პერიოდში შეამოწმა, როცა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. მისი განმარტებით, სწორედ "შემოწმების პროცესთან" დაკავშირებით აქვთ კითხვები გიორგი ქადაგიძესთან, რომელიც 11 წლის წინ ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"კონკრეტულად რა შეკითხვები იქნება, დეტალურად ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ" - თქვა პროკურორმა.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კითხავენ. მისი თქმით, "ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს გამოძიებას". გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია ყველაზე ადეკვატური გამოსავალი იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური საჯაროობა. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ, უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი TBC ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურამ 6 მარტს დაიბარა. ქადაგიძემ უარი თქვა პროკურატურაში  მისვლაზე და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ საჯაროდ, მოსამართლის წინაშე მისცემდა. ამის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც TBC ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ.

პარტია ევროპულმა საქართველომ TBC ბანკის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები