ვენესუელა

მადურომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით გერმანიის ელჩი გააძევა

EPA

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში გერმანიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. რეჟიმის ლიდერი დანიელ კრენერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

კრენერი იმ დიპლომატებს შორის იყო, ვინც ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს კოლუმბიიდან დაბრუნებაში დაეხმარა. გერმანია პრეზიდენტად გუაიდოს ცნობს. მათი თქმით ელჩის გაძევება მხოლოდ დაძაბულობას გაზრდის.

კრენერის გარდა აეროპორტში გუაიდოს არგენტინელი, ბრაზილიელი, კანადელი, ჩილელი, ეკვადორელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, პორტუგალიელი, რუმინელი, ესპანელი და ამერიკელი დიპლომატები დახვდნენ.

ამ მოვლენების პარალელურად აშშ-მა ვიზა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებულ კიდევ 77 ადამიანს ჩამოართვა. მანამდე ვიზა 49 ადამიანს გაუუქმეს. ვენესუელაში კი ამერიკელი ჟურნალისტი კოდი ვედლი დააკავეს. ის იმავე დღეს გაათავისუფლეს და დეპორტაციას უპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი კოლუმბიის საზღვარზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მადუროს რეჟიმმა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებაზე უარი თქვა. ბრაზილიასთან საზღვარი სრულად, ხოლო კოლუმბიასთან ნაწილობრივ ჩაკეტეს.

ადგილობრივებს ჰუმანიტარული დახმარების მიღება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამის შემდეგ დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო მხარდამჭერებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და კოლუმბიაში გადასვლაც მოახერხა. მან ჯარისკაცებს ტიენდიტასის ხიდიდან, კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკესთან ერთად მიმართა და თქვა, რომ მათ, ვინც გუაიდოს შეუერთდება ამნისტია შეეხება.

მისივე თქმით ჰუმანიტარულმა დახმარებამ ქვეყანაში ბრაზილიიდან უკვე შეაღწია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს. მან თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

კომენტარები