აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი ჩრდ. კორეის სარაკეტო ბაზის გააქტიურებაზე: თუ მართალია, ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ბაზაზე მუშაობა განაახლა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ტრამპის თქმით ჯერ ადრეა იმის დაზუსტებით სათქმელად, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ეს ხდება. ძალიან ნაადრევი ანგარიშია. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებოდი კიმით - და არ ვფიქრობ, რომ ვიქნები - მაგრამ ვნახავთ, რა მოხდება. შევხედავთ და საბოლოოდ გადავჭრით ამ საკითხს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა სატელიტური სურათები, რომელთა მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ბაზაზე, რომლის გაუქმების პირობაც დადო, მუშაობა განაახლა. ცნობას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურიც ადასტურებს.


ფოტო: Reuters

სურათები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი ჰანოიში უშედეგოდ დასრულდა.

სოჰაეს ბაზა, რომელიც ჩინეთის საზღვართან, ტონგჩანგის პროვინციაში მდებარეობს, სატელიტების გასაშვებად და სარაკეტო ცდების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. ბაზის დაშლა გასულ წელს სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიწყო.

ვიეტნამის დედაქალაქში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი 27-28 თებერვალს გაიმართა. მათ ნახევარკუნძულის განიარაღებისათვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებიც დაუწესდეს.

კომენტარები