თიბისი ბანკის საქმე

ადვოკატი: ხაზარაძემ რევანშზე განცხადებით გახარიას წერილის ერთ-ერთი პუნქტი შეასრულა

ტაბულა

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის TBC ბანკის დამფუძნებლის მიერ გავრცელებული განცხადება ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხის შესახებ, შინაგან საქმეთა მინიტრის გიორგი გახარიას წერილობით წაყენებული მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დასაკმაყოფილებლად გაკეთდა.

ტვ პირველის ეთერში კორძაძემ აღნიშნა, რომ მოთხოვნის შესრულება ხაზარაძეს შეცდომად მიაჩნია. "შინაარსობრივ ნაწილში არაფერი მისი გადმოსახედიდან ისეთი არაა, რასაც ის ახლა არ ეთანხმება, თუმცა, მას ეს შეასრულა არა თავისი ნებით," - აღნიშნა კორძაძემ. 

ხაზარაძის გადაწყვეტილების მოტივს ადვოკატი იმით ხსნის, რომ მას ბანკისა და ანაკლიის პროექტის დაცვა სურდა. 

"დანარჩენს მოთხოვნებს ის ვერც შეასრულებდა, რადგან არანაირი კავშირი არ აქვს ტვ პირველთან," - აღნიშნა კორძაძემ ტვ პირველის ეთერშივე.

პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ხაზარაძემ ერთი დღით ადრე საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა.

მამუკა ხაზარაძემ 5 მარტს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მისი მოსმენისას თქვა, რომ 2018 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

3-დან ერთერთი დირექტივა, რომლითაც წერილის ავტორი, სავარაუდოდ, TBC ბანკის გუნდს მიმართავს, მამუკა ხაზარაძის მხრიდან განცხადების გაკეთებას ეხება:

"მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)".

ზუსტ თარიღს, თუ როდის მიიღო მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი, ის არ ასახელებს. თუმცა წერილი, სავარაუდოდ, 29 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე შუალედში უნდა იყოს გაგზავნილი (პირველი ტური - 28 ოქტომბერი; მეორე ტური - 28 ნოემბერი).

ზემოთ ნახსენები განცხადებისა და კიდევ ორი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ავტორი ადრესატს "მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი და ობიექტური საშუალების გამოყენებით" ემუქრება.

"პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა" - ამ სიტყვებით იწყება მამუკა ხაზარაძის მიერ 2 ნოემბერს (საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის) გაკეთებული განცხადება, სადაც ის სწორედ რევანშიზმსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიერ მისი ქონების ექსპროპრეაციის მოწოდებაზე საუბრობს.

განცხადებაში ხაზარაძე საუბრობს იმაზე, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებმა ყველას ნათლად დაანახა საზოგადოების შეცვლილი განწყობა მმართველი გუნდის, ქართული ოცნების, მიმართ. ის წერს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემის რადიკალურ რეფორმას დიდი მოლოდინით შესცქეროდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა, მისი თქმით, ახლა ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე დგას, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეუძლია.

"ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის,"- წერია ხაზარაძის განცხადებაში. 

TBC ბანკის დამფუძნებელი ასევე იხსენებს მის სასამართლო დავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ წლებში არაერთხელ ყოფილა დატყმის ობიექტი, ქვეყანაში რევანშიზმი და შურისძიება უნდა დასრულდეს. 

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო. აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას,"- ეწერა განცხადებაში. 

კომენტარები