ჯანგირაშვილი გახარიას: მეც დადასტურებულად გებრძვით და რამეს ხომ არ მომწერდით?

"მეც დადასტურებულად გებრძვით ბატონო მინისტრო და რამეს ხომ არ მომწერდით?" - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. საქმე ეხება წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა. სამპუნქტიან წერილში, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მიიღო, ნათქვამია - "დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს".

წერილის მიხედვით, ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ერთერთი პუნქტის თანახმად, ყველანაირი წინაპირობის გარეშე "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)".

წერილში ნახსენები TV პირველის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელია. ავთანდილ წერეთელი ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რომელზეც მთავარი პროკურატურა TBC-ის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ედავება. სწორედ ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ. ვატო წერეთელის თქმით, TV პირველი წერილის შინაარს აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილს.

ასევე, წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს უნდა გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა 2 ნოემბერს ნამდვილად თქვა, რომ "ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას.

ამასთან, წერილში ნახსენებია Artarea TV, რომლისგანაც წერილის ავტორი "ობიექტურობის მაღალ ხარისხს მოითხოვს". ის 2012 წლის მაისში TBC ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. არტარეა ტვ არის ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც კულტურას ეხება. ის მოიცავს ხელოვნების სფეროებს, თეატრს, კინოს, მუსიკას, პოპკულტურას, ჯაზს, ლიტერატურასა და თანამედროვე ხელოვნებას. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო".

კომენტარები