ია კერზაიას შვილი პრეზიდენტს: სად არის თქვენი შვილი ახლა? დედა მე დავუთმე საქართველოს

სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ჰქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი? არ არის ეს სამართალი, არა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს "სადმე, როდესმე მაინც" უნდა ეხსენებინა ია კერზაიას საქმე. მისი თქმით, პრეზიდენტს უნდა ეთხოვა საგამოძიებო უწყებისთვის, გამოეძიებინა ეს საქმე. მან აღნიშნა, რომ ეს საქმე იქამდე იქნება პრეზიდენტის კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები არ გასამართლდებიან.

კომენტარები