ბაჩანა შენგელია პრეზიდენტს: იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე

"იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე" - საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი მიმართავს. ბაჩანა შენგელია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის "წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში". მისი თქმით, ამის თაობაზე ყველა მტკიცებულება აქვს, მათ შორის ია კერზაიას ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

"უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის, გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით, არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით?

საქმემ არ დაგაინტერესათ, ქალურმა სოლიდარობამ მაინც არ არ გაიღვიძა თქვენში? გეკითხათ მაინც ვინ იყო, რა საქმეები უკეთებია, რამდენი თაობა გაუზრდია და რას გრძნობენ ახლა მისი ოჯახის წევრები. არ იყო თქვენი ჩამოსვლა ზუგდიდში გულწრფელი და გიგა ოთხოზორიას სახლში მოსვლა, იას სახლშიც უნდა მისულიყავით. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური დევნა, უბრალოდ როგორც ქალმა, რომელსაც პრეზიდენტი პოსტი გიკავიათ, ასეთი ადამიანის გარდაცვალება ოდნავ მაინც არ მიიტანეთ გულთან ახლოს?

და ბოლოს, სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ჰქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი? არ არის ეს სამართალი, არა" - წერს ბაჩანა შენგელია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები