იუსტიციის უმაღლესი საბჭო

3-მა დეპუტატმა მეთოფიშვილისა და გვრიტიშვილის წინააღმდეგ საჩივრით იუსტიციის საბჭოს მიმართეს

ქართული ოცნებიდან გასულმა სამმა დეპუტატმა მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს. 

ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე შეიტანეს. 

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ მოსამართლეების ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო ეთერების მეშვეობით აკეთებენ, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს. საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი მოსამართლისთვის შეუფერებელი, არაეთიკური და არაკორექტული განცხადებებით უგულებელყოფენ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებს და ზიანს აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტსა და ნდობას.

მომზადებული საჩივრის მიხედვით, მოსამართლეების განცხადებები ცალსახად პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. მათი თქმით, ეს განცხადებები პროფესიულ შეფასებას ცდება და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები პოლიტიკურ შეფასებადა და ლანძღვად აღიქმება.

ბესელია, გოგიჩაიშვილი და ფოფხაძე მოითხოვენ, კანონის თანახმად დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მეთოფიშვილისა და გვრიტიშვილის მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტური პროცედურებით და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

ქართულ ოცნებაში დაპირისპირების გაცხადებული მიზეზი ეკა ბესელიასა და კიდევ რამდნეიმე დეპუტატის მიერ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის გაპროტესტებაა.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები