ხაზარაძე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურორების მენტალიტეტი

ტვ პირველი

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურას იმ მუქარის წერილის ასლი გადასცა, რომელიც მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, სადაც ის ჩვენებას, თავისი სურვილით, მოსამართლის თანდასწრებით აძლევდა. 

"როგორც მოგეხსენებათ, ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე, გავაკეთე კომენტარები და გამოვედი,"- ამბობს ხაზარაძე. 

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა ეწერა წერილში და რის გაკეთებას ითხოვდა მისგან შს მინისტრი, ხაზარაძე პასუხობს, რომ ეს პროკურატურის კომპეტენციაა. 

"წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ხაზარაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყო. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე თუმცა ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მას გიორგი გახარია არ უხსენებია. 

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას".

კომენტარები