თიბისი ბანკის საქმე

ბესელია წერილზე: მე მგონია, რომ საჭიროა გახარიამ განმარტებები გააკეთოს და უპასუხოს კითხვებს

გუშინ კომიტეტზე მამუკა ხაზარაძის მიერ  გაკეთებული განცხადება იმსახურებს ყურადღებას და შესწავლას. საზოგადოებასაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი ნახოს, რა წერილზეა საუბარი. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ამ ბრალდებას სჭირდება მიყოლა და არა შუა გზაზე მიტოვება. უნდა გაირკვეს, ან უარყოფილი იქნას ან თუ დადასტურდება, შესაბამირი რეაგირება სჭირდება. ასე ვერ შეწყდება ეს პროცესი. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება, ხაზარაძემ უნდა წარადგინოს ეს დოკუმენტი და თუ საჭიროა კომისიის შექმნა ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერაზე, რომ არ დარჩეს ღია კითხვები. ბიზნესის თავისუფლებას, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვას, კონსტიტუციური უფლებების დაცვას საბოლოოდ მაინც მივყავართ მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმამდე. გახარიამ გუშინ გააკეთა კომენტარი, რომ მზად არის პარლამენტში მოსასვლელად. მე მგონია, რომ საჭიროა განმარტებები გააკეთოს ამის თაობაზე და უპასუხოს იმ კითხვებს რაც გაჩნდა. ამის დატოვება ასე უპასუხოდ იქნება სრულიად შეუძლებელი და არასერიოზული. გუშინდელმა განხილვამ აჩვენა, რომ არის ძალიან სერიოზული კითხვები. ამდენი წლის შემდეგ როცა ცოცხლდება კონკრეტული საქმე და ეპიზოდი, ერთის მხრივ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პასუხს და მეორეს მხრივ, ჩნდება პოლიტიკური კითხვები, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და ამ კითხვებს უნდა ძალიან სერიოზული პასუხი. მიჩუმათება და გაუბრალოება, რომ მერე რა თუ ამდენი წელი გავიდა, არ არის საკმარისი. როცა რაღაც მოვლენებს ემთხვევა ეს გააქტიურება, ეს აჩენს უსამართლობის განცდას. და ეს არის ყველაზე სახიფათო, საზოგადოებაში  უსამართლობის განცდას არ უნდა ტოვებდეს ხელისუფლება.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები