ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება და ის ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება. ამასთან, ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება.

ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე ისაუბრა.

"ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა ქართული ოცნების დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში," - თქვა კალაძემ. 

პოლიტსაბჭოს სხდომას თავად ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ის პრემიერმინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა, რითიც წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. თანამდებობაზე ყოფნის 2 წლის შემდეგ 2015 წლის 23 დეკემბერს მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

კალაძის თქმით, ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა შეიქმნა, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი გია ვოლსკი დაიკავებს.

კომენტარები