შსს: სამეგრელოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები