აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სთან მოლაპარაკებაზე: ჩვენი შემოთავაზება არ შეიცვლება

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ჰანოის სამიტზე
AP

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ მოლაპარაკებების გაგრძელებას მოისურვებს, ოფიციალური ფხენიანის პოზიცია არ შეიცვლება.

რი იონგ ჰო ირწმუნება, რომ სამიტზე მათ სანქციების ნაწილობრივ მოხსნა მოითხოვეს და არა სრულად, როგორც ეს დონალდ ტრამპმა თქვა.

"შემოთავაზება იყო ბირთვული განიარაღების მიმართულებით ყველაზე დიდი ნაბიჯი, რისი გადადგმაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული ნდობის გათვალისწინებით." თქვა მან იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვაზე საუბრისას.

მინისტრის თქმით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული და სარაკეტო გამოცდების პერმანენტულად შეწყვეტასაც სთავაზობდა, სანაცვლოდ კი, სანქციების მხოლოდ ნაწილობრივ მოხსნას ითხოვდა.

"ჩვენი პრინციპები უცვლელი რჩება და ჩვენი შემოთავაზება არასოდეს შეიცვლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ მომავალში კვლავ შემოგვთავაზებს მოლაპარაკებების წარმოებსა." თქვა მან და აღნიშნა, რომ ჰანოის სამიტის მსგავსის წარმოდგენა მომავალში რთულია.

ამ განცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი თქმით ჩრდილოეთ კორეამ "პრინციპში სანქციების სრულად მოხსნა მოითხოვა", თუმცა მიუხედავად იონბიონის ბაზაზე საუბრისა, მათ არ დაუკონკრეტებიათ რას სთავაზობდნენ აშშ-ს სანაცვლოდ.

პომპეოს თქმით აშშ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადაა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ სამიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დონალდ ტრამპმა მიზეზად სანქციების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

მისი თქმით კიმ ჩენ ინი იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოსხნას ითხოვდა.

დონალდ ტრამპმა შეკითხვაზე აპირებს თუ არა დამატებითი სანქციების დაწესებას თქვა, რომ ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ სურს.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული კვლევის ცენტრების ინსპექტირებაზეც ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის იგეგმება ეს. ტრამპის თქმით სჯერა, რომ კიმ ჩენ ინი შეასრულებს პირობას და ბირთვული იარაღის და სარაკეტო ცდებს აღარ ჩაატარებს.

კომენტარები