რუსეთი

კრემლი: აშშ-დან მუდმივად ხდება რუსულ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები

დმიტრი პესკოვი
TheMoscowTimes

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკისა და ევროპისგან მუდმივი კიბერშეტევების გამო რუსეთი იძულებულია ჰქონდეს საკუთარი ინტერნეტი:

"აშშ-ის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით კიბერშეტევები სხვადასხვა რუსული ორგანიზაციის, იურიდიული თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ განუწყვეტლივ მოდის… მე  ვერ ვიტყვი ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, თუმცა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს შეტევები განუწყვეტლივ ხორციელდება."

"ეს არის რელობა, რომელშიც ვცხოვრობთ" თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "პოტენციური საფრთხეების" გამო რუსი კანონმდებლები კანონის მიღებაზე მუშაობენ.

ეს განცხადება Washington Post-ის სტატიას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 2018 წლის შუალედური არჩვნების დროს სანქტ-პეტერბურგში არსებულ "ინტერნეტის კვლევის სააგნეტოს" ინტერნეტზე წვდომა დაუბლოკა, რადგან დეზინფორმაციას ავრცელებდა. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების დირექტორის სანია კელის თქმით, კრემლის ეს ქმედება უბრალოდ ავტორიტარული რეჟიმის მორიგი ნაბიჯის გამართლებაა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობისთვის დიდი ხანია ჩინეთის დამოუკიდებელი ინტერნეტი ციფრული სფეროს მართვის მოდელად იქცა.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთში მიიღეს კანონპროექტი, რაც, ავტორების თქმით მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს.

"სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონპროექტს, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს დუმამ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

რაც შეეხება "ინტერნეტის კვლევის სააგენტოს", აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა საბჭომ გასულ წელს საბრალდებო ოქმი შეადგინა, რომელიც ცნობილ რუსულ ტროლების დაჯგუფებას ეხება. 13 პირს ბრალად ედება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალური გზებით ჩარევა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო ოქმში წერია, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" წარმოადგენდა დაჯგუფებას, რომელსაც გააჩნდა ამბიციური მიზანი, ეწარმოებინათ იმგვარი პროპაგანდა, რაც აშშ-ს ამომრჩეველს უბიძგებდა, ხმა მიეცათ იმ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ოქტომბერში Facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოების გავრცელებულმა ინფორმაციამ 126 მილონ ამერიკელამდე მიაღწია. 2018 წელს კი Facebook-მა აშშ-ს შუალედურ არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო 32 გვერდი წაშალა.

კომენტარები