აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ჰანოის სამიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ჰანოის სამიტზე
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ სამიტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დონალდ ტრამპმა მიზეზად სანქციების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

მისი თქმით კიმ ჩენ ინი იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოსხნას ითხოვდა.

დონალდ ტრამპმა შეკითხვაზე აპირებს თუ არა დამატებითი სანქციების დაწესებას თქვა, რომ ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ სურს.

"ჩრდილოეთ კორეაში არის ხალხი, ვისაც ასევე აქვს საკუთარი ცხოვრება. ვიტყოდი, რომ ჩემი დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა, რადგან კიმი კარგად გავიცანი." თქვა მან.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული კვლევის ცენტრების ინსპექტირებაზეც ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის იგეგმება ეს. ტრამპის თქმით სჯერა, რომ კიმ ჩენ ინი შეასრულებს პირობას და ბირთვული იარაღის და სარაკეტო ცდებს აღარ ჩაატარებს.

კიმ ჩენ ინს მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და კიმის პირველი სამიტი სინგაპურში გასული წლის ივნისში გაიმართა. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის მუშაობას მოიცავდა. ჰანოის სამიტზე მათ ბირთვული განიარაღების მისაღწევად სამოქმედო გეგმა უნდა შეემუშავებინათ.

მიუხედავად სინგაპურში მიღწეული შეთანხმებისა ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა.

კომენტარები