აშშ-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი ჟურნალისტს: ბირთვულ განიარაღებას რომ არ ვაპირებდე აქ არ ვიქნებოდი

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი
AFP

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დახურული შეხვედრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დისკუსია გამართეს, რომელსაც მათი თანაშემწეები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

კიმ ჩენ ინმა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას მზად იყო თუ არა ბირთვული განიარაღებისათვის ამგვარად უპასუხა:

"ამას რომ არ ვაპირებდე აქ არ ვიქნებოდი."

რაზეც დონალდ ტრამპმა თქვა:

"ეს შესაძლოა საუკეთესო პასუხი იყოს, რაც კი ოდესმე გაგიგიათ."

მანამდე კიმმა ჟურნალისტის შეკითხვაზე სჯერა თუ არა, რომ შეთანხმებას მიაღწევენ თქვა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა შეგრძნება აქვს, რომ კარგი შედეგებით დასრულდება. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კიმმა უცხოელი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება, თუმცა დაგეგმილი ლანჩი გადაიდო და ამ დრომდე უცნობია გაიმართება თუ არა შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და კიმის პირველი სამიტი სინგაპურში გასული წლის ივნისში გაიმართა. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის მუშაობას მოიცავდა.

მიუხედავად სინგაპურში მიღწეული შეთანხმებისა ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა.

კომენტარები