კაკულია: ჩემი კომიტეტის სხდომა სამარცხვინო იყო, ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება

შურისძიების მატარებელი ძალების დრო წავიდა, შერიგება რომ აქვს მთავარ ღერძად, ისეთი ძალა უნდა მოვიდეს. ახლა ერთმანეთს ვინ ვაჯობებთ, არავის აღარ აინტერესებს უკვე. ჩვენ ვაჯობებთ ნაციონალებს, ნაციონალები გვაჯობებენ ჩვენ, პატრიოტები როგორ იძიებენ ვიღაცაზე შურს თუ როგორ იქნება, ეს ხალხს აღარ აინტერესებს. საზოგადოებას უნდა მშვიდობაზე ორიენტირებული, გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ლიბერალსაც და კონსერვატორსაც ერთად დასვამს და ერთმანეთთან დიალოგს ასწავლის.

ეს წასული პოლიტიკაა ასეთი რაღაც საუბრები ერთმანეთთან, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჩემი კომიტეტის სხდომა, ჩემი აზრით, სამარცხვინო იყო დღეს, ჩემთვისაც და ყველასთვისაც, იმ გაგებით, რომ ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება. კი ბატონო, ვიღაცამ თავისთვის მეტი ქულა ჩაიწერა, ვიღაცამ ნაკლები, მაგრამ ქვეყანას რა აქედან?

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პალიტრანიუსის ეთერში. შეგახსენებთ, რომ სხდომა, რომელზეც TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და კობა გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, რომან კაკულიამ დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები