პროპორციული სისტემა

20 პარტია, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებს

20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან მოითხოვს. პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. პირველ ჯერზე ისინი 200 000 ხელმოწერას შეაგროვებენ, პარლამენტში შესატანად და საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით, შემდეგ კი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

„იმ 35 დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი და თავისი ბიზნესინტერესების ლობირების გარდა, არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დასმული ადგილზე, როგორც ტომის ბელადი,“- ამბობს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

„ეს არის სისტემა, სადაც სისტემა აძლევს შესაძლებლობას, გამარჯვებული კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული იყოს, ანუ მოიპაროს დამატებითი ხმები. სანამ ეს იქნება, წრეზე ვიტრიალებთ და განვითარების შანსი და პესპექტივა არ გვექნება. ამიტომ ეს არის ერთადერთი გზა. ხელისუფლების არგუმენტი არის უსუსური. ისინი ამბობენ, რომ 2020 წლიდან არა, 2024 წლიდან კი. ვერავის აუხსნის ბიძინა ივანიშვილი თუ რაიმე არის სიკეთის მომტანი 2024 წელს, რატომ არის ის ბოროტების მომტანი 2020 წელს,“- თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ.

ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, ევროპულ საქართველოსთან და ენმ-სთან ერთად არიან, რესპუბლიკელები, ნინო ბურჯანაძის პარტია, დავით უსუფაშვილი, ზაზა ხარატიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და სხვები.

კომენტარები