წყლის ტარიფი

ბობოხიძე: GWP საოჯახო სასტუმროებს მაღალ ტარიფს თვითნებურად უწესებდა, სემეკი ამას უკანონებს

აკაკი ბობოხიძის თქმით, სემეკი გადაწყვეტილებით, საოჯახო სასტუმროებისთვის დააწესოს წყლის ჰიბრიდული ტარიფი, GWP-ის უკანონობას აკანონებს. 

უფრო კონკრეტულად, სემეკის გადაწყვეტილებით, აპრილიდან ძალაში შევა ტარიფი, რომლის მიხედვითაც, თუ საოჯახო სასტუმროს მფლობელები მოიხმარენ 20 კუბური მეტრამდე წყალს, თითო კუბური მეტრი წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფს - 0.33 თეთრს გადაიხდიან, ხოლო თუ წყლის მოხმარება 20/მ3-ს გადააჭარბებს, დამატებით გახარჯული წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო - 4 ლარი და 40 თეთრი იქნება. 

სემეკის განმარტებით, ეს საოჯახო სასტუმროს მფლობელებისთვის გადასახადის გაიაფებაა, ვინაიდან ისინი ახლა ყოველ კუბურ მეტრზე 4.4 ლარს იხდიან, თუმცა, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ Georgian Water and Power-ი მათ ამ ტარიფსაც უკანონოდ, თვითნებურად აკისრებდა.  

"GWP მიადგა საოჯახო სასტუმროებს და 4.4 ლარი თვითნებურად დააკისრა. კომპანიას ამის უფლება არ ჰქონდა, იმიტომ რომ მან არასაყოფაცხოვრებო ტარიფი რომ დააკისროს, ეს ადამიანები კომერციული ორგანიზაციები უნდა იყვნენ. საოჯახო სასტუმრო კომერციული არის თუ არა, ეს შემოსავლების სამსახურმა უნდა მოიკითხოს და არა GWP-მ.

ასე რომ, ამ კომპანიამ თვითნებურად დაიწყო ეს მოქმედება და იმის ნაცვლად, რომ აღეკვეთა, სემეკი ამას აკანონებს. 

ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოყვეს სხვა თანმდევი პრობლემები. პირველი ის რომ თუ ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ "თბილისის წყალს" ბუნებრივია მსგავსი მოთხოვნა წამოვა საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც.

თუ ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ წყალს, არაა გამორიცხული, ტარიფის ზრდის მოთხოვნა გაზგამანაწილებელმა ოპერატორებმა მთელი საქართველოს მასშტაბით მოითხოვოს. 

გარდა ამისა დიფერენცირებული მიდგომა შეიძლება შემოიღოს სემეკმა, ეს ნიშნავს რომ საოჯახო სასტუმრო თუ მოიხმარს 20 კუბ წყალს მასზე ვრცელდება ჩვეულებრივი ტარიფი , ხოლო თუ მოიხმარს მეტს მაშინ კომერციული ტარიფი, შეიძლება ასეთი მიდგომა ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც დააკმაყოფილონ. ჩვენი ხელისუფლება ვერ უძლებს ცდუნებას გაზარდოს ტარიფები გადასახადები", - ამბობს აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარები