დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

საპატრიარქო: მამალაძის გათავისუფლებაზე შუამდგომლობას დავაყენებთ, თუ დანაშაულს აღიარებს

ტაბულა

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პატიმრის შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებს, თუ მსჯავრდებული თავის წილ დანაშაულს აღიარებს. 

მისივე განცხადების მიხედვით, საპატრიარქო ითხოვს, გამოქვეყნდეს დეკანოზ მამალაძის ყველა წერილი და საქმის მასალები. 

პატრიარქის პრესმდივანმა დეკანოზ მამალაძის ოჯახის პროტესტსა და მოთხოვნას, საპატრიარქომ დააყენოს მისი შეწყალების საკითხი, ვრცლად უპასუხა. 

"აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად ფონად მუდამ გასდევს ცილისწამება, დეზინფორმაცია და მუქარა. ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ გაშლილ კარავს და ეს ხდება იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომლისგანაც შუამდგომლობის დაყენებას ითხოვენ. 

ეს, ერთი შეხედვით არალოგიკური მოქმედება ბადებს ბუნებრივ ეჭვებს, ხომ არ არის ეს სრულიად ლოგიკური და მიზანმიმართული. 

ადვოკატიც და დეკანოზის თანამდგომნი სინამდვილეში პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ მის წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად. 

ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში ძირითადად ის ადამიანები იღებენ, რომლებიც სხვა დროსაც უპირისპირდებოდნენ ეკლესიას და მუდამ ეძებდნენ მიზეზს მისი დისკრედიტაციისთვის. სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახიც ამ მიუღებელი მეთოდის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის საშუალებად შანტაჟის გამოყენებად, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას და გამყარებას. 

რეალურად კი ყველამ კარგად იცის, რომ საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია. 

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც სკანდალურს უწოდებენ, პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრადლებებზეა საუბარი დახალლხს არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი მხრიდან მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. 

ასევე, მიგვაჩნია, რომ სასურველია გამოძიების მასალების გასაჯაროება, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა, მით უმეტეს, რომ მართალია, ძიების პროცესში საპატრიარქო არ წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ შემდგომი მოვლენები უშუალოდ დაუკავშირდა მას. იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და გამონაკლისის სახით ამ ნაბიჯს გადადგამენ", - თქვა ჯაღმაიძემ

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდადამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პატიმრობის პერიოდში, დეკანოზი მამალაძე რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მან ასევე გამოგზავნა რამდენიმე წერილი. 

მისი ოჯახი კი საპატრიარქოსთან უკვე რამდენიმე კვირაა, აქციას მართავს და დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვს. 

კომენტარები