რუსეთი

პუტინის განცხადებების შემდეგ რუსული მედია აშშ-ს ბირთვულ სამიზნედ ამოღებაზე ალაპარაკდა

რუსული სახელმწიფო ტელევიზია, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვულ სამიზნედ აშშ-ს სამხედრო ობიექტების ამოღებაზე ალაპარაკდა.

მათი თქმით ე.წ. "ცირკონის" რაკეტით დარტყმა 5 წუთზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი და სამიზნეები მოიცავს პენტაგონს და მერილენდში კემპ დევიდს .

კვირის გადაცემაში დმიტრი კისელიოვმა, რუსეთის მთავარი ყოველკვირეული გადაცემის, "ვესტი ნეძელის" წამყვანმა, წარმოადგინა აშშ-ს რუკა, სადაც რამდენიმე სამიზნე იყო აღნიშნული.

მისი თქმით ზებგერით რაკეტას ხმის სიჩაქრეზე 5-ჯერ სწრაფად შეუძლია ატმოსფეროში გადაადგილება. "ჯერ-ჯერობით, არავის ვაშინებთ, თუმცა თუ მსგავს იარაღს განავითარებენ ჩვენი პასუხიც მყისიერი იქნება" თქვა კისელიოვმა.

კისელიოვი რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, რომელიც ანტი-ამერიკული ტონით გამოირჩევა. მან ერთხელ თქვა, რომ მოსკოვს აშშ-ს რადიოაქტიულ ფერფლად გარდაქმნა შეუძლია.

კრემლს კისელიოვის რეპორტაჟზე კომენტარის გაკეთება თხოვეს, თუმცა მათი თქმით, სახელმწიფო ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევიან.

კისელიოვის და რუსული მედიის რიტორიკა პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ აშშ-ს სურვილის შემთხვევაში მოსკოვი მზადაა "კუბის სტილის კრიზისისთვის".

ამაზე კომენტარი გააკეთა პენტაგონის სპიკერმა, ერიკ პაჰონიმ. მისი თქმით "ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინისგან დაბომბვის საფრთხე მოდის და თავის ახალ მოწყობილობებს გვაცნობს, მან უნდა იცოდეს, რომ მსგავსი განცხადებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ნატოს მუშაობას მეტად ეხმარება."

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვებას 2 თებერვლიდან დაიწყებს და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღო. მათი თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს. შეთანხმება შეაჩერა რუსეთმაც.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

გასულ წელს პუტინმა რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ. მან საილუსტრაციოდ ვიდოე კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს. მათი თქმით ეს ზებგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთი იყო და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ვლადიმირ პუტინმა ამ რაკეტას "იდეალური იარაღი" უწოდა და თქვა, რომ ის "უძლეველი" იარაღებიდან ერთ-ერთია.

თუმცა, ამერიკული მედია აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი ბირთვული რაკეტების ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

კომენტარები