ფეხბურთელების ქურდობა თურქეთში

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით

საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი თურქეთში ქურდობის გამო დააკავეს. cnnturk.com-ის ცნობით, კლუბის 5 მოთამაშე -  გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში სხვადასხვა ნივთებს იპარავდნენ. 

ქურდობაში ეჭვმიტანილი ფეხბურთელების ამოცნობა თურქმა სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერების დახმარებით შეძლეს და ქართული კლუბის ფეხბურთელები სასტუმროში დააკავეს. 

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე".

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბი "ცხინვალი" ქურდობის ფაქტს უარყოფს. კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, მაღაზიაში გაუგებრობა თურქული მხარის მიზეზით მოხდა. 

"როგორც გვითხრეს, ადგილი გაუგებრობას ჰქონდა. ფეხბურთელები გუშინვე გაათავისუფლეს", - განაცხადა "ცხინვალის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კომენტარები