ზვიად კუპრავა

"დაკავების სანქცია გაცემულია" - ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია კუპრავამ Facebook-ზე გაავრცელა. 

ტაბულას პროკურატურაში აღნიშნული დაუდასტურეს. უწყების ცნობით, კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. 

"პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა ზ.კ-ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.

პროკურორმა პროცესზე წარადგინა ზ.კ-ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზ.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა",- აცხადებენ პროკურატურაში. 

კომენტარები