ხაზარაძის მსგავსად, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

მამუკა ხაზარაძის მსგავსად, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს, თუმცა ისიც დარჩება TBC Bank Group PLC-ის საბჭოში. განცხადება ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერს, რომ ის, როგორც ბადრი ჯაფარიძე, კვლავაც გააგრძელებს სასამართლოს გზით დავას და "საკუთარი სიმართლის დამტკიცებას" ეცდება. 

ამასთან, ის მონაწილეობას მიიღებს 26 თებერვალს პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში.

"მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. თიბისი ბანკი არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი.

ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის  და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.

მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, თიბისის გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ თიბისი დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და თიბისი განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას," - წერს ჯაფარიძე განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გადაყენება მოითხოვა. თავდაპირველად ბანკის დამფუძნებლები ამბობდნენ, რომ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებდნენ, თუმცა დღეს ორივე მათგანმა პოსტი დატოვა. თუმცა რჩებიან TBC Bank Group PLC დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებზე. TBC Bank Group PLC თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერია ლონდონში. 

სებ-ის მიერ TBC ბანკის მენეჯმენტის გადაყენების მოთხოვნას წინ უძღოდა 9 იანვარს ბანკში პროკურატურის შესვლა, რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს იძიებდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და TBC ბანკის მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში ეწერა, რომ TBC ბანკი წყვეტდა დავას და დაკისრებულ ჯარიმას, 1 მილიონი ლარის ოდენობით, გადაიხდიდა.

კომენტარები