TI: თუ ხაზარაძე სიმართლეს ყვება, ეს სახელმწიფოს ე.წ მიტაცების მცდელობას ნიშნავს

TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
youtube.com EY Global

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებითა და მოვლენებით, რაც TBC ბანკის ირგვლივ ხდება" - ასეთია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) პოზიცია. ამის შესახებ TI-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ესაუბრა. 

ტაბულასთან საუბრისას ონიანი ამბობს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მხრიდან ძალიან საყურადღებო განცხადებები კეთდებოდა, რასაც სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი ახსნები არ მოჰყოლია. 

"განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ნაწილს, როდესაც ის საუბრობს მიზანმიმართულ შეტევაზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და განსაკუთრებით გამოყოფილია ეროვნული ბანკის როლი, რომელზეც ბოლო განცხადებაში ეწერა, შეიძლება, ზუსტი ციტატა არ იყოს, მაგრამ თითქოს, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. ეს ერთმნიშვნელოვნად არის პრობლემა. ამაზე პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი კონსტიტიციური ორგანო, რომლის დამოუკიდებლობაც არის საფუძველი ამ ორგანოს მუშაობაში. ამიტომ, ახლა ვფიქრობთ, რომ არის მოვალეობა და საზოგადოებაც, საქმიანი წრეებიც, ბიზნესმენებიც ელიან, რომ რაღაც განმარტებები უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და კერძოდ,აუცილებლად ეროვნული ბანკის მხრიდან," - ამბობს ონიანი. 

ამასთან, TI-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი კითხვები ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩება, ქვეყანა რეპუტაციული რისკის ქვეშ დადგება. 

"ჩვენ შეშფოთებასაც სწორედ ეს იწვევს, რომ თუ ის ყველაფერი, რასაც ხაზარაძე ამბობს, მართალია, ეს არის სახელმწიფოს ე.წ მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც ინსტიტუტები ვეღარ ასრულებენ თავის მოვალეობასა და ფუნქციებს და სხვაგვარი ურთიერთობებით ნაცვლდება, ამიტომ, ეს ნამდვილად ძალიან საყურადღებო და შემაშფოთებელი განვითარებაა მოვლენების, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება პასუხები და განმარტებები ხელისუფლების მხრიდან,"- განმარტავს ონიანი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან, TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავისი პოსტები დაეტოვებინათ, ერთ კვირაში ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სებ-ის მიერ TBC ბანკის მენეჯმენტის გადაყენების მოთხოვნას წინ უძღოდა 9 იანვარს ბანკში პროკურატურის შესვლა, რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს იძიებდა.

კომენტარები