მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

კილაძე: თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს

პარლამენტი

"თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, ეკა ბესელია კანონ-პროექტზე საუბრისას თქვა. კილაძე ამბობს, რომ გუნდში ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა მას კითხვის ნიშნები აქვს.

„უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“- თქვა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

რამდენიმე დღის წინ კი, უმრავლესობის ერთერთი სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ ის და მისი თანამოაზრეები დატოვებენ თუ არა პარტია ქართულ ოცნებას.

კომენტარები