#მეც

მეზღვაურისა და ექთნის კოცნის ძეგლს სექსუალური ძალადობის სიმბოლო #METOO (#მეც) დააწერეს

CNN

CNN-ის ცნობით, ცნობილი საკულტო ფოტოს მოტივებზე შექმნილ ძეგლს, სადაც მეზღვაური ექთანს კოცნის, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა #metoo (მეც) დააწერა. სექსუალური ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად გასულ წელს დაწყებული კამპანიის ფრაზა ქალს ფეხზე მიაწერეს. 

CNN წერს, რომ ფლორიდის პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ვანდალური აქტი ჩაიდინა. 

ძეგლი 1945 წელს ფოტოგრაფ ალფრედ ეიზენდზტაედის მიერ გადაღებული ფოტოს მიხედვით არის შექმნილი, რომელზეც 21 წლის გრეტა ფრიდმანს მისთვის უცნობი მეზღვაური, სახელად ჯორჯ მენდონსა კოცნის. ფოტომ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლოდ იქცა. 

ფრიდმანმა 2005 წელს ვეტერანების ისტორიული პროექტის ფარგლებში მიცემული ინტერვიუს დროს თქვა, რომ ის მეზღვაურს არ იცნობდა. ქალის თქმით, ეს იმდენად კოცნა არ იყო, რამდენადაც მეზღვაურის მხრიდან სიხარულის გამოხატვა, რადგან მას ომში წასვლა აღარ მოუწევდა. გრეტა ფრიდმანი ყვება, რომ მეზღვაური ძალიან ძლიერი იყო და მჭიდროდ ეხვეოდა. 

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კოცნა იყო. ეს იყო ერთი ადამიანის აღნიშვნა. ეს საერთოდაც არ ყოფილა რომანტიკული ფაქტი. ეს იყო - 'მადლობა ღმერთს, ომი დამთავრდა'" - ყვება ფრიდმანი. 

იმავეს ყვება მენდონსაც 2015 წელს. 

"Times Square-ზე მივედით და ომი დამთავრდა და ვხედავ ექთანს, რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი მქონდა მიღებული და ეს უბრალო ინსტინქტი იყო, ჩემი აზრით. უბრალოდ, ხელი მოვხვიე,"- ამბობს ის. 

წითელი საღებავით შესრულებული ვანდალური აქტი შტატ ფლორიდის ქალაქ სარასოტაში მდებარე ძეგლზე პოლიციამ გუშინ, 19 თებერვალს შეამჩნია. პოლიციას სჯერა, რომ ეს ორშაბათს შუადღეს ან საღამოს მოხდა. ერთი დღით ადრე კი, მენდონსა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები