#მეც

Gossip Girl-ის წამყვან მსახიობს ედ ვესტვიკს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, მსახიობი უარყოფს

მასშტაბური ჰეშთეგ კამპანიის #MeToo (#მეც) ფარგლებში, რომლის ქვეშაც ერთიანდება ქალებზე ძალადობისა და/ან ძალადობის მცდელობის არაერთი ისტორია, მსახიობმა კრისტინა კოენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მსახიობმა ედ ვესტვიკმა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი Gossip Girl-ში შესრულებული ჩაკ ბასის როლისთვის გახდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

კოენი, რომელსაც არაერთ ამერიკულ სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, დეტალურად აღწერს სავარაუდო ძალადობას. კოენი ყვება, რომ ვესტვიკის სახლში სტუმრად იმ კაცთან ერთად მივიდა, ვისთანაც იმ პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა და რომელიც პროდიუსერთან ერთად, ვესტვიკის მეგობარიც იყო. 

"მინდოდა, რომ სახლი მაშინ დამეტოვებინა, როცა ედმა შემოგვთავაზა, მოდი, ყველა სექსით დავკავდეთო," - წერს კოენი და ამატებს, რომ მამაკაცმა, რომელსაც მაშინ ხვდებოდა და, რომელიც საკუთარ თავს "პროდიუსერს" ეძახდა, წასვლაზე უარი უთხრა, რადგან არ სურდა "ედს თავი ცუდად ეგრძნო". კოენი ყვება, რომ ვესტვიკი დაჟინებით მოითხოვდა, ისინი სადილზე დარჩენილიყვნენ. კოენი ყვება, რომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, მან მეგობარ მამაკაცსა და ვესტვიკს უთხრა, რომ დაღლილი იყო. მისი თქმით, ვესტვიკმა მას საძინებელ ოთახზე მიუთითა, სადაც მან დაიძინა. 

"მოულოდნელად გამეღვიძა, რადგან ვიგრძენი, რომ ედი ჩემზე იწვა და მისი თითების ჩემს სხეულში შემოსვლას ვგრძნობდი. მე ვუთხარი, გაჩერებულიყო, მაგრამ ის ძლიერი იყო. მე ვეცადე წინააღმდეგობა გამეწია იმდენად, რამდენადაც შემეძლო, მაგრამ მან ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია, შემანჯღრია და მითხრა, რომ ჩემთან სექსი უნდოდა. მე პარალიზებული და შეშინებული ვიყავი. არ შემეძლო მელაპარაკა და ვეღარც მოძრაობას ვახერხებდი. მან დამიჭირა და გამაუპატიურა,"- წერს კოენი.

ამასთან, კოენი ამატებს, რომ პროდიუსერმა, რომელსაც მაშინ ხვდებოდა, ის დაადანაშაულა და დაარწმუნა, რომ არ მოეყოლა ეს ისტორია, რადგან მაინც არავინ დაუჯერებდა. 

"ახლა ვაცნობიერებ ყველა იმ საშუალებებს, რომლითაც ეს ძალაუფლების მქონე კაცები ქალებზე ძალადობენ და როგორ იყენებენ ამ ტაქტიკას ჩვენს ინდუსტრიაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში. ახლაც კი, სინანულის გრძნობით ვიტანჯები, რადგან რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო თავი დამნაშავე მგონია,"- წერს კოენი. 

აღნიშნული პოსტის და დიდი გამოხმაურების შემდეგ, ედ ვესტვიკმა Twitter-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე კოენის მოყოლილი ისტორია უარყო. 

"მე არ ვიცნობ ამ ქალს. მე არასდროს არცერთ შემთხვევაში არცერთ ქალთან არ გამომიყენებია ძალა და ნამდვილად არასდროს არავინ გამიუპატიურებია,"- წერს მსახიობი. 

ედ ვესტვიკი ამჟამად BBC-ის სერიალ "თეთრ ოქროში" თამაშობს. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა საზოგადოება და დამსაქმებელი მის მიმართაც ისეთივე მკაცრი, როგორიც სხვა ვარსკვლავების შემთხვევაში. 

კომენტარები