დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ექიმის ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი არ დაუდასტურდა

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილის მარინა გელანტიას ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი ამ ეტაპისთვის არ დაუდასტურდა.

მისივე ცნობით, გუშინ შედგა კოსილიუმი. ექიმების შემადგენლობამ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდა დამატებითი კვლევების ჩატარება.

"ამჟამად პაციენტი ინტენსიურ არეალში რჩება, არის აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატური, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით დღევანდელი კვლევის შედეგებს", - ამბობს ექიმი.

მარინა გელანტიას ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეტყველების პრობლემა არ ჰქონია, - "არანაირი მეტყველების პრობლემა, ჩვენი კვლევის მიზეზი რჩება ისევ მარჯვენა ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა."

ექიმის ცნობით, დღევანდელი გამოკვლევენის შემდეგ, შესაძლოა კოსილიუმი კიდევ შედგეს.

შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები