აშშ

აშშ-ის 16 შტატი ტრამპს კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო უჩივის

AFP

აშშ-ის 16 შტატისაგან შემდგარი კოალიცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასაზღვრო კედლის ასაშენებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო უჩივის.

ეს შტატებია კალიფორნია, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერი, ილინოისი, მეინი, მერილენდი, მინესოტა, მიჩიგანი, ნევადა, ნიუ ჯერსი, ნიუ მექსიკო, ნიუ იორკი, ორეგონი, ვირჯინია და ჰავაი.

სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში შეიტანეს. სასამართლოს უფლება აქვს ტრამპის გადაწყვეტილება დაბლოკოს.

გასულ კვირას კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს სამი ტეხასელი მიწათმფლობელის სახელით. მათ უთხრეს, რომ სასაზღვრო კედელი მათ მიწაზე გაივლის.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბიუჯეტში ტრამპის მიერ სასაზღვრო კედლის მშენებლობისათვის მოთხოვნილი 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე უარი თქვა და საზღვარზე უკვე არსებული მეტალის ბარიერის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი დოლარი გამოყო. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბიუჯეტის ამ პროექტს ხელს მოაწერდა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა აეცილებინა თავიდან, თუმცა ამის შემდეგ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მას საშუალებას მისცემს 8 მილიარდი დოლარი სხვადასხვა ფონდებიდან მიიღოს, მათ შორის ბიუჯეტში სამხედრო და საგანგებო სიტუაციებისათვის განკუთვნილი თანხებიდან.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას ტრამპმა ისიც თქვა, რომ სავარაუდოდ ამას სასამართლოში გაასაჩივრებდნენ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ უზენაესი სასამართლო მას დაუჭერდა მხარს.

კომენტარები