წულუკიანი ხაზარაძეზე: როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც

იმედი

თეა წულუკიანის თქმით, გამოძიებას კითხვები არა TBC ბანკთან, არამედ უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან აქვს, ხაზარაძეს და სხვებს კი შეუძლიათ ისე მოიქცნენ, რომ "მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზარალონ". 

იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. 

"არის ორი პროცესი. ერთი არის საზედამხედველო პროცესი, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. ის აკეთებს იმას, რისი კეთებაც ევალება. გამოძიებაც მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ თავად ბატონი ხაზარაძე და სხვა ხელმძღვანელები, ვისაც ეს ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ და იმედი მაქვს, ასეც მოიქცევიან, რომ მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა არ დააზიანოს ბანკი. ეს რომ ასე არ მოხდეს, ეს მთლიანად მათ ხელშია. თუ ჩემ მიმართ იქნება კითხვები, მე არ უნდა ამოვეფარო ჩემს სამინისტროს. 

TBC ბანკი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია", - -თქვა თეა წულუკიანმა 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 

გამოძიების მიხედვით: 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც "თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ "სამგორი თრეიდს" და შპს "სამგორი M"-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს "სამგორი თრეიდისა" და შპს "სამგორი M"-ს, ვალი.

კომენტარები