ხაზარაძე: ხელისუფლება მხარს გვიჭერს, მისი სტრუქტურა კი გამოძიებას იწყებს არარსებულ საქმეზე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ "არარსებულ საქმეზე" ხელი ინვესტიციების განხორციელებას შეუშალა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა. ხაზარაძეს ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება ბანკის მიმართ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტს. 

"მე ახლა არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. სიტუაცია გვაქვს შემდეგი: ბოლო 5 წელია, მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან. რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაასრულა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა, ჩვენ მათთან მოვაწერეთ ერთი წლის წინ და ველოდებით ფინანსურ პლატფორმას, რომელიც არის საკმაოდ რთული. ჩვენ ველოდებით მაისი-ივნისის თვეში. იმ დაჩქარებულმა გამოძიებამ, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და იმ ინფორმაციის გაჟონვებმა, რომელიც საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს იმ საფინანსო ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ არარსებული საქმე", - თქვა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მათ გვერდში უდგას, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა კი მის მიმართ გამოძიებას იწყებს, რაც შემაშფოთებელია. 

"სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს. ერთი მხრივ, ჩვენ ამ პროექტთან მიმართებაში შეფერხება არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დასრულებულიც არ არის, სასამართლო დანიშნულიც არ არის". 

სამთავრობო კომისიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს. კონსორციული TBC ჰოლდინგს და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს Conti International-ს აერთიანებს. მისი ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია. გეგმის მიხედვით, პორტის მშენებლობა 2020-2021 წლებში უნდა დასრულებულიყო. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. 

TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". 

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 

გამოძიების მიხედვით: 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც "თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ "სამგორი თრეიდს" და შპს "სამგორი M"-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს "სამგორი თრეიდისა" და შპს "სამგორი M"-ს, ვალი.

კომენტარები