სექსუალური განათლება

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოების ავტორს გაუპატიურებით ემუქრებიან

facebook

ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაციამ Facebook-ზე სექსუალური განათლების შესახებ ვიდეობის გამოქვეყნება დაიწყო, სადაც მკვლევარი ბავშვებს და მოზარდებს სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინფორმაციას აწვდის და საფრთხეებთან გამკლავების ხერხებს ასწავლის. 

როგორც ორგანიზაციის გვერდზე ვკითხულობთ, ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდებულია 8 წლიდან. 

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლი და სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია უკვე მეოთხე დღეა, მუქარის შემცველ წერილებს და ზარებს იღებს. 

ახალაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ გაუთავებელი ლანძღვა და მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიდეოები ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აღმოაჩინეს. 

მისი თქმით, უკვე სახლიდან გასვლის ეშინია, რადგან სიცოცხლის მოსპობით და გაუპატიურებით ემუქრებიან. 

"მემუქრებიან, რომ გამაუპატიურებენ ოჯახით, ამიჭედავენ ოფისის კარს, დამხვრეტენ, რომ ვეზიზღებით ერის გარყვნისთვის, თავს ესხმიან ჩემი ოჯახის წევრებს სათითაოდ, ჩემ ქმარს წერენ და ემუქრებიან, ჩემი დის ფოტოები დააქვთ და აგინებენ",- ამბობს ახალაია. 

პირადი წერილების გარდა, ვიდეოებზე მუქარის შემცველმა კომენტარებმაც იმატა:

შეტევების შესახებ განცხადება გავრცელდა ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზეც:

"ავრცელებენ მითს, რომ თითქოს, ჩვენ სექსზე ვესაუბრებით და ვრყვნით ბავშვებს. რაც არის აბსურდი და ვერცერთი რადიკალი ამის ერთ არგუმენტს მაინც ვერ მოიტანს, რადგან ამაზე საუბარი ვიდეოებში არ არის!",- აღნიშნა ახალაიამ. 

მისივე თქმით, ტრენინგებზე ბავშვები მშობლებთან ერთად დადიან.

"პირველ რიგში, ვიდეოები ასაკობრივ კატეგორიებად არის დაყოფილი და შესაბამისად, მშობელმა უნდა შეარჩიოს რომელ ვიდეოს აჩვენებს შვილს. პროექტის მიზანია ბავშვებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რაც ისედაც დეფიციტურია, იგივე სექსუალურ ძალადობაზე და როგორ უნდა აუხსნან თავიანთ პატარა შვილებს (4-5 წლის ასაკში) მშობლებმა რას ნიშნავს ეს ძალადობა, რა არის მათი პირადი სივრცე, რომ ამ თემაზე საუბარი გაუადვილდეთ. ასევე პირველ ვიდეოში საუბარია განსხვავებული ჯგუფებზე და ტექნიკებია აღწერილი, თუ როგორ უნდა გახადონ მშობლებმა შვილი სხვადასხვა ჯგუფებისადმი მიმღებლური. მეორე და მესამე ვიდეოებში საუბარია სქესობრივი მომწიფების პერიოდზე, მის სირთულეებზე და ისეთი ტიპის ინფორმაციებს ვაწვდით, რომელიც მოზარდს დაეხმარება გადალახოს ის დისკომფორტი, რასაც ამ ასაკში თითქმის ყველა მათგანი აწყდება. ასევე, საუბარია სექსუალურ ანატომიაზე და მის გარეგნულ ცვლილებებზე. რაც მთავარია, საოცარი უკუკავშირი გვაქვს, მშობლები შემდგომ კონსულტაციებსაც გვთხოვენ, ვიდეობი არის ნებაყოფლობითი",- ამბობს ხატია ახალაია. 

მისივე თქმით, ამ საკითხებზე, ძალიან ცოტა ორგანიზაცია მუშაობს და მხარდაჭერის იმედი აქვს. 

"ეს რადიკალები ჩვენზე ძლიერები ჩანან, რაც რეალურად ასე არ არის, ისინი ცდილობენ რეპუტაცია შეგვილახონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, მაგრამ ვერ მოგვერევიან",- ამბობს ახალაია.  

ხატიამ ასევე აღნიშნა, რომ მუქარის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პარასკევს მიაწოდა. მისი თქმით, ის იურისტთან კონსულტაციას მართავს და უწყებას ოფიციალურად დღეს მიმართავს.

კომენტარები