მამუკა ბახტაძე

ბახტაძე ლიეჟში სუს-ის თანამშრომლების ყოფნაზე: დეზინფორმაცია და ე.წ "ფეიქ ნიუსია"

"დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია" თავიდან ბოლომდე. რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს. ამაზე სერიოზული კომენტარიც კი ძალიან მიჭირს, სიმართლე გითხრათ", - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ლიეჟში, ქართველი ემიგრანტების შეხვედრის დროს, სუს-ის თანამშრომლების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ჩასულები იყვნენ სუს-ის თანამშრომლები, რაც, მისი შეფასებით, დიპლომატიური წესების დარღვევაა.

"თქვენ ნახეთ, რომ ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ. აქ ჩამოსული არიან სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს უცხოეთში. ეს არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა", - თქვა სააკშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ექსპრეზიდენტი ემიგრანტებს შეხვდა, რა დროსაც სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები